მარი ბროსეს შესახებ
ისტორია
2020 წლის თებერვლიდან „მარი ბროსეს სკოლა“ „რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელის“ თანადამფუძნებლებისა და სასწავლებლის შემადგენლობაში არსებული სკოლა „ანი-Zet-ის“ დამფუძნებლების – თამარ სარაჯიშვილისა და მარინა ანდრონიკაშვილის მფლობელობაშია. ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევით სკოლამ შეინარჩუნა არსებული პრიორიტეტები, ტრადიციები და ამავე დროს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
პრეისტორია
პირველი ფრანგული სკოლა საქართველოში 1918 წელს დაარსდა ფრანგი ოჯახის, – ქალბატონი და ბატონი კუტანების მიერ. 1921 წელს ბოლშევიკების შემოსვლის გამო სკოლამ შეწყვიტა ფუნქციონირება.
80 წლის შემდეგ, 1997 წელს, „მარი ბროსეს ფრანგული სკოლა- კოლეჯი“ ცოლ-ქმარი ვაჟა და რუსუდან ცხოვრებაშვილებმა დაარსეს თბილისში. სკოლამ საპილოტე რეჟიმში დაიწყო მუშაობა იმ ბავშვებისათვის, რომლებიც უკვე ფლობდნენ ფრანგულ ენას და არ ჰქონდათ შესაფერისი ლინგვისტური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო გარემო.
ოფიციალური სკოლის სტატუსი „მარი ბროსეს ფრანგულ სკოლა – კოლეჯს “ 1998 წლის თებერვალში მიენიჭა. უკვე 2002 წელს კი, სკოლას საფრანგეთის განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინიტროს საზღვარგარეთ ფრანგულად სწავლების სააგენტოს აკრედიტაცია მიენიჭა. იმავე წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, სკოლა-კოლეჯის თერთმეტმა მოსწავლემ, საფრანგეთის სახელმწიფო დიპლომი «Brevet National des Collèges» მიიღო.
2004 წელს სკოლამ გამოუშვა პირველი ბაკალავრი და ორმა კურსდამთავრებულმა ქართული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატთან ერთად მიიღო ფრანგული საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი “Attestation de Fin d’Etudes ».
2011 წლის ივნისიდან შპს “მარი ბროსეს სკოლა“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით შევიდა შპს “რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებლის“ შემადგენლობაში და სასწავლებლის დამფუძნებელ სკოლებთან ერთად შეისყიდა-რა ყოფილი 57-ე საშუალო სკოლის შენობა, დაფუძნდა ახალ მისამართზე თბილისში, ფალიაშვილის 42-ში.
ამჟამად “მარი ბროსეს სკოლა“, ქართული და ფრანგული სექტორებით საგანმანათლებლო პროგრამის სახით, ფუნქციონირებს „რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელის“ შემადგენლობაში.
წლების განმავლობაში „მარი ბროსეს სკოლის“ არაერთმა კურსდამთავრებულმა მიიღო, როგორც ქართული, ასევე ფრანგული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები. დღეს ისინი წარმატებულად მოღვაწეობენ საფრანგეთსა და საქართველოში.
მიზანი
მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მიზანია, თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. უსაფრთხო და მზრუნველი გარემოსი, სადაც ისინი ქართულ აღზრდა-განათლებასთან ერთად მიიღებენ ხარისხიან ევროპულ განათლებას, ისწავლიან განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას, საკუთარ განვითარებაზე ზრუნვისა და განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირების აუცილებლობას, რაც შემდგომში მათი თავდაჯერებულობისა და წარმატების გარანტია იქნება. მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა გთავაზობთ საქართველოსა და საფრანგეთის საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სინთეზს. ჩვენი მიზანია ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გაზიარების საფუძველზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე განათლებული, შემოქმედებითი, თავისუფლად მოაზროვნე ღირსეული პიროვნების აღზრდა და მომზადება საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული მოღვაწეობისთვის. მიზნის მიღწევაში კი შემოქმედებითად შედგენილი საგანმანათლებლო პროგრამები, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები გვეხმარებიან.